შოლცი: ებრაული ცხოვრება გერმანიის ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სოლიდარობასა და თანაგრძნობას გერმანიაში ღია საზოგადოების საფუძველი უწოდა.

"ყოველდღიურად უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება: თანაგრძნობის, სოლიდარობის, მონდომების, მოსმენისა და გულის გადაშლის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ღია საზოგადოების საფუძველი, ჩვენი თანაცხოვრების," - თქვა შოლცმა ებრაული თემის მეხუთე კონგრესზე.  

გერმანიის კანცლერის თქმით, ერთმანეთის გვერდით ცხოვრება "ებრაელებში ბუნებრივია, ისევე როგორც ქრისტიანებსა თუ მუსლიმებში, რელიგიურ თუ არარელიგიურ, მრავალფეროვან და თავისუფალ გერმანიაში."

"ჩვენ ვიცავთ ამ გერმანიას," - ხაზგასმით აღნიშნა მან.

გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს ებრაული თემების კონგრესი 14 დეკემბერს დაიწყო და 17 დეკემბერს დასრულდება. 16 დეკემბერს საღამოს, ამ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც 1400 სტუმარი მონაწილეობდა.

მასზე ოლაფ შოლციც იყო მიწვეული. მანამდე ის კონფიდენციალურ ატმოსფეროში შეხვდა გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელს იოზეფ შუსტერს და პროექტის "გაიცანი ებრაელის" მოხალისეებს. 14 დეკემბერს კონგრესის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ისრაელის ელჩი გერმანიაში რონ პროსორი.

იოზეფ შუსტერმა ფედერალური კანცლერის ვიზიტს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის და გერმანიაში ანტისემიტიზმის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სოლიდარობის ნიშანი უწოდა.

შუსტერმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ისრაელს გაეროში.  

მსგავსი სიახლეები