შოლცმა და სტარმერმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას

2 თებერვალს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, ჩეკერსში, ლონდონის მახლობლად შეხვდა. შესაბამისი პრესრელიზი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თავისი ბოლო ვიზიტის შესახებ და გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უკრაინა, რათა რაც შეიძლება ძლიერ მდგომარეობაში იყოს უახლოეს თვეებში და მიაღწიოს მშვიდობას ძალის მეშვეობით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ევროპაში თავდაცვის წარმოების გაზრდისა და კოორდინაციის მნიშვნელობას," - ნათქვამია განცხადებაში.

სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს გამოაქვეყნოს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა წელს.

"ეს მოიცავს უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას და ევროპის მასშტაბით პუტინის მიმდინარე აგრესიასა და მტრულ ქმედებებთან დაპირისპირების აუცილებლობას," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ახლა "დადგა დრო ჩვენ, როგორც ევროპელებმა და უკრაინის მეგობრებმა, შევიმუშავოთ საერთო სტრატეგია. შოლცის თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს "გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა."

მსგავსი სიახლეები