შროდერი 9 მაისს ბერლინში რუსეთის საელჩოში მიღებას დაესწრო
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი 9 მაისს ბერლინში რუსეთის საელჩოს ეწვია. ამის შესახებ Berliner Zeitung წერს.
შროდერი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა მიიწვია.
ყოფილი კანცლერის და მისი მეუღლის გარდა, მიღებას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ეგონ კრენცი, ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერები ალექსანდრ გაულანდი და ტინო ხრუპალა, ასევე მემარცხენე პარტიის წევრი კლაუს ერნსტი ესწრებოდნენ.
მიღებაზე მივიდნენ დსთ-ს ქვეყნების, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიური წარმომადგენლები. მათ შორის იყო ჩინეთის წარმომადგენელი.
გერმანიაში შროდერს მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან მან არ შეწყვიტა რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთბა და არ დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია. გერმანიელ სოციალ-დემოკრატებს პარტიიდან მისი გარიცხვაც სურდათ, მაგრამ სპეციალურმა კომისიამ საბოლოოდ ამის საფუძველი ვერ იპოვა.
2022 წლის გაზაფხულზე ბუნდესტაგმა შროდერს ჩამოართვა ის პრივილეგიები, რაც გერმანიის ყოფილ კანცლერებს აქვთ, კერძოდ, პარლამენტში ოფისი და იქ დასაქმებული რამდენიმე თანამშრომლის დაფინანსება. ამავდროულად, მას შეუნარჩუნდა დაცვა და პენსია.
შროდერმა პარლამენტის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და მისი სასამართლოში გასაჩივრება სცადა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.