შვეიცარიის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება ნეიტრალიტეტს არ ეწინააღმდეგება
შვეიცარიის პრეზიდენტი ალენ ბერსე გამოეხმაურა რუსეთის საყვედურებს, რომ მისი ქვეყანა ვეღარ განიხილება ნეიტრალურად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.
"როდესაც გყავს ქვეყანა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ვერ დაუბრუნდები ჩვეულ საქმიანობას. სწორედ ამიტომ, შვეიცარიამ თავიდანვე აშკარად დაგმო აგრესიული ომი და სრულად შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს." - თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ბერსემ გაიხსენა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპს, გაეროს წესდების შესაბამისად.
მისი თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია არ იყოს გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად."
"შვეიცარია რომ არ შეერთებოდა ამ სანქციებს, ეს რა თქმა უნდა შეუთავსებელი იქნებოდა ნეიტრალიტეტთან," - დასძინა მან.
შვეიცარიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ესმის ქვეყნის პოზიციის თავისებურებები უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის კონტექსტში.
"შვეიცარიის სიძლიერე არ არის იარაღის ექსპორტში. შვეიცარიის მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ მტკიცე ვალდებულება აქვს და სწორედ აქ არის შვეიცარიის სიძლიერე. მაგალითად, შვეიცარიას შეუძლია უკრაინას მხარი დაუჭიროს ნაღმების გაწმენდაში." - განმარტა მან.