სირიაში აშშ-ს ანტიტერორისტულ ოპერაციას 13 პირი ემსხვერპლა
პენტაგონის განცხადებით, 3 თებერვალს აშშ-ს სპეციალურმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია „წარმატებით განახორციელეს."
პენტაგონის პრეს-სპიკერ ჯონ კირბის იმ პირთა ვინაობა, ვის წინააღმდეგაც ანტიტერორისტული რეიდი ჩატარდა, არ დაუსახელებია. თუმცა, კირბიმ დაადასტურა, რომ სამიზნე პირთა შორის იყო სირიის ქალაქ იდლიბში მცხოვრები ალ-კაიდას ერთ-ერთი საველე ლიდერი.
სააგენტო AP News-ის ინფორმაციით, ოპერაციას - რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში მიმდინარეობდა - 13 პირი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი და ოთხი ქალი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ამერიკულ მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა.
გასული წლის ოქტომბერში ამერიკული ავიადარტყმის შედეგად ალ-კაიდას ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური, აბდულ ჰამიდ ალ-მატარი დაიღუპა.
ხუთშაბათს ჩატარებული რეიდი 2019 წელს იდლიბში აშშ-ს მიერ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ ყველაზე მსხვილი ანტიტერორისტული ოპერაცია იყო.
იდლიბის პროვინცია ბოლო სირიული ანკლავია, რომელსაც ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.
რეგიონს ძირითადად ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი აკონტროლებს, რომელიც ადრე ალ-კაიდას სირიული განშტოების ნაწილი იყო.
აშშ მიიჩნევს, რომ ალ-კაიდა სირიის ანკლავს თავშესაფრად და ოპერაციების გასაფართოებლად იყენებს.