სირსკიმ კურსკის რეგიონში შეტევისთვის მზადება ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა - The Economist
უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლელი მოკავშირეებისგან საიდუმლოდ ამზადებდა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოპერაციას.
ამის შესახებ The Economist უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
"გენერალი სირსკი თავის გეგმებს საიდუმლოდ ინახავდა და მათ მხოლოდ გენერლებისა და უშიშროების ჩინოვნიკების ვიწრო ჯგუფს უზიარებდა. ის პრეზიდენტს პირადად, მრჩევლების გარეშე ესაუბრა. არმიის დაზვერვა ახორციელებდა დაზვერვის დიდ ნაწილს, ნაცვლად იმისა, რომ ეს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის მიენდო, უკრაინის სამხედრო დაზვერვა პროცესში მხოლოდ გვიან ეტაპზე ჩაერთო." - წერს გამოცემა.
გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის მოკავშირეებს ასევე შეგნებულად არ აცნობეს გეგმების შესახებ, რადგან დასავლეთმა უკვე ჩაშალა სირსკის ორი წინა ოპერაცია - ერთის შესახებ რუსეთმა შეიტყო, მეორეს გაუქმება კი დასავლეთმა მოითხოვა (რა ოპერაციებია, სტატიაში არ არის მითითებული - რედ). ახლა კი, როდესაც დასავლეთი ფაქტის წინაშე დადგა, მას აღარ შეეწინააღმდეგა.
The Economist-ის ცნობით, კურსკის რეგიონში ოპერაციის მომზადებისას, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განიხილა რამდენიმე ვარიანტი, კერძოდ: დარტყმა ბრიანსკის ოლქში, დარტყმა კურსკის რეგიონში, კომბინირებული დარტყმა ერთდროულად ორ რეგიონში, ან კიდევ უფრო დიდი მასშტაბით.
სტატიაში წერია, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი იყო დონბასიდან რუსული ჯარების გაყვანა და მომავალი მოლაპარაკებებისთვის უპირატესობების შექმნა.
თავად სამხედროებმა The Economist-ს განუცხადეს, რომ მათ ეჭვი აგვისტოს დასაწყისში გაუჩნდათ, რომ რაღაც სერიოზული მზადდებოდა, როდესაც მათ მოულოდნელად დაურიგეს აღჭურვილობა: ახალი ჩაფხუტები ინტეგრირებული ყურსასმენებით, ასევე ახალი შაშხანები. ჩატარდა წვრთნები მაკეტებზე, რომლებიც მოგვიანებით მიხვდნენ, რომ რუსული სოფლები იყო.