სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას

სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო CTK-ს 3 იანვარს, სლოვაკეთის ელექტრო სისტემების სახელმწიფო ოპერატორმა SEPS-მა განუცხადა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ აპირებს შეასრულოს უკრაინულ "უკრენერგოსთან" ადრე დადებული ხელშეკრულების პირობები. კიევი სლოვაკეთიდან მიღებულ ელექტროენერგიას რუსული არმიის თავდასხმებით გამოწვეული ელექტროენერგიის დეფიციტის კომპენსაციისთვის იყენებს.

მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინას დაემუქრა, რომ მისი ქვეყანა, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება შეაჩეროს ელექტროენერგიის მიწოდება 2025 წლის იანვრიდან. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ არ განაახლა "გაზპრომთან" ხელშეკრულება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს შეუძლია ვლადიმერ პუტინის სახელით "გახსნას მეორე ენერგეტიკული ფრონტი უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკი ხალხის ინტერესების ხარჯზე."

2 იანვარს, რობერტ ფიცო უკრაინელ ლტოლვილებს დახმარების შეწყვეტით დაემუქრა რუსული გაზის შესახებ კონფლიქტის გამო.

2024 წლის 22 დეკემბერს, ტრანზიტის გაჩერების წინ, ფიცო კრემლს ეწვია და პუტინთან გაზის მიწოდებაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები