სომხეთის ბანკები Мир-ის ბარათების მიღებას შეწყვეტენ

რუსული საგადახდო სისტემის Мир-ის ბარათები 30 მარტიდან სომხეთის ბანკების ბანკომატებსა და ტერმინალებში მუშაობას შეწყვეტს. გამონაკლისი იქნება VTB ბანკის შვილობილი კომპანია – VTB სომხეთი.

ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა РБК 19 მარტს, ამ ბანკის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

"30 მარტიდან უნაღდო ანგარიშსწორება ტერმინალებზე და რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გატანა აღარ იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის." - წერენ ჟურნალისტები.  

РБК-ს ცნობით, სომხეთში VTB ბანკის 53 ფილიალია, მათგან 22 ერევანში მდებარეობს. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 190 ბანკომატია.

მანამდე, 15 მარტს, ყაზახეთში Sberbank-ის ყოფილმა შვილობილმა კომპანია Bereke Bank-მა გამოაცხადა Мир-ის ბარათებთან მუშაობის შეწყვეტის შესახებ. 17 მარტს ამ ბანკმა შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთის ეროვნულ საგადახდო ბარათების სისტემასთან, Мир-ის გადახდის სისტემის ოპერატორთან.

კონტექსტი

Мир-ის გადახდის სისტემა რუსეთში 2014 წელს შეიქმნა იმ შემთხვევისთვის, თუ საერთაშორისო გადახდის სისტემების ბარათები გაითიშებოდა ყირიმის ანექსიისთვის დასავლური სანქციების ფარგლებში. ის მთლიანად ეკუთვნის რუსეთის ბანკს.

2022 წლის მარტში საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს. 

Мир-ის ბარათები დღემდე აგრძელებს მუშაობას ბელორუსში, ვენესუელაში, ვიეტნამში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და კუბაში.

მსგავსი სიახლეები