ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ერევნის მზადყოფნას დადოს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებით, რაც პრაქტიკაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს ნიშნავს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ, ბუნდოვანებისა და ორაზროვნების გარეშე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ვალდებულებას არ წამოაყენოს ტერიტორიული პრეტენზიები", - განაცხადა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ ეს დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებული იყო 2022 წლის ოქტომბერში, პრაღასა და სოჭში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე.
"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი იგივეს გააკეთებს სომხეთის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით", - განაცხადა ფაშინიანმა.
ეს ნაბიჯი მთიან ყარაბაღზე ბაქოს სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს. ამავდროულად, გასულ წელს, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ერევანმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.
აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით Politico-ს განუცხადა, რომ ბაქო მიესალმება ფაშინიანის განცხადებას და იმედოვნებს, რომ ის მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს "ჯარის გაყვანას" მთიანი ყარაბაღიდან.
სომხეთი მთიან ყარაბაღში მისი სამხედროების ყოფნას უარყოფს და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ ყარაბაღის თავდაცვის ძალები იმყოფებიან.