სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტის რატიფიკაციაზე კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ.

ეს ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"13 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ," - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. 

3 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო. სომხეთმა რომის სტატუტს ხელი 1998 წელს მოაწერა, მაგრამ რატიფიცირებული არ ჰქონდა.

ოფიციალურმა ერევანმა ხაზი გაუსვა სტატუტის რატიფიცირებისა და მისი იურისდიქციის აღიარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის რისკი კვლავ მაღალია და დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, ბაქოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები ICC-ის იურისდიქციაში მოხვდება.

სახელმწიფოები, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს, ვალდებული არიან ვლადიმერ პუტინი დააპატიმრონ, თუ ის მათ ქვეყანაში ჩავა.

ევროკავშირმა სომხეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ "კრემლში ავტოკრატისთვის სამყარო უფრო პატარა ხდება."

მსგავსი სიახლეები