სომხეთმა რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ 30 დღით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია Tospa-ს, რომელიც რუსული რადიოსადგური Sputnik Armenia-ს გადაცემებს ავრცელებს.
ამის შესახებ Эхо Кавказа წერს.
ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო რუსული ტელევიზიისა და რადიოს წამყვანის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა. კომისიამ მიიჩნია, რომ 17 ნოემბრის გადაცემაში მან სომხეთსა და მის მოქალაქეებზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა, "მოუწოდა კანონით აკრძალული ქმედებებისკენ" და ასევე დასვა კითხვა "დარჩება თუ არა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცოცხალი."
Sputnik არის რუსული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც უცხოური აუდიტორიისთვის 30-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობს. მისი მთავარი სახეები არიან კრემლის მხარდამჭერი ჟურნალისტები და მედია მენეჯერები - დიმიტრი კისელიოვი და მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ტიგრან კეოსაიანის მეუღლეა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში Sputnik-ის ვებგვერდები და რადიოსადგურები ცრუ ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების გამო დაიბლოკა.
კონტექსტი
ბოლო თვეებში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, მხარეები ერთმანეთს ოფიციალურ დონეზე ადანაშაულებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვი მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მისი უმოქმედობის გამო, რამაც, მისი აზრით, აჩვენა ОДКБ-ს "არაეფექტურობა" აჩვენა.
სომხეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მედიამ "ჰიბრიდული ომი" დაიწყო ერევნის წინააღმდეგ და დაარღვია მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება.
კრემლმა, თავის მხრივ, მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა ევროკავშირთან სომხეთის კავშირების გაძლიერებასთან და ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.