Spiegel-მა გერმანელ ულტრამემარჯვენეებსა და კრემლს შორის ახალი კავშირები გამოავლინა
რუსეთის ხელისუფლებას და სადაზვერვო სამსახურებს შეეძლოთ შუამავლის დახმარებით დაეფინანსებინათ გერმანელი მემარჯვენე პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) სარჩელი გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში, უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.
ამ ინფორმაციას 4 აგვისტოს გამოცემა Der Spiegel და The Insider ერთობლივ გამოძიებაში ავრცელებენ.
გამოძიება ყურადღებას ამახვილებს წარმოშობით უკრაინელ პუბლიცისტზე, ვლადიმერ სერგიენკოზე, რომელიც 1991 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო. სერგიენკო რეგულარულად ჩნდება რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე, სადაც მას ხშირად წარადგენენ, როგორც გერმანელ პოლიტოლოგს.
სერგიენკო შეიძლება იყოს შუამავალი კრემლსა და AfD-ს შორის
Insider-ის ჟურნალისტებმა მიიღეს წვდომა სერგიენკოს კორესპონდენციებზე, რომელიც რუსეთში ხშირი ვიზიტების დროს (17 მოგზაურობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან) ხვდებოდა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს.
მოპოვებული მიმოწერის მიხედვით, სერგიენკომ საუბარში დაასახელა თვეში 25 000 ევრო AfD-ს სარჩელის სამართლებრივი მხარდაჭერისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში და 10 000 ევრო კურატორობისა და გამასპინძლების ხარჯებისთვის.
გერმანიის საბაჟო მონაცემებით, სერგიენკომ არაერთხელ შემოიტანა 9000 ევრო ნაღდი ფული რუსეთიდან გერმანიაში ვიზიტიდან დაბრუნებისას (ეს პრაქტიკულად იმ თანხის ზედა ზღვარია, რომლის დეკლარირებაც არ არის საჭირო ევროკავშირში შეტანისას. - რედ.).
AfD-ს ფრაქციის სარჩელი
2023 წლის 4 ივლისს ბუნდესტაგის ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის მართლაც შეიტანა სარჩელი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში და ცდილობდა გაესაჩივრებინა უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც ბუნდესტაგის აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს.
ფრაქციის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ეს მოსკოვის მოთხოვნით ან რუსული ფულით გააკეთეს.
ამავდროულად, სერგიენკო არის AfD-დან ბუნდესტაგის დეპუტატის, ევგენ შმიდტის თანაშემწე და მას პარლამენტის საშვი აქვს.
Der Spiegel წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ, რომელმაც სერგიენკოს გერმანიის მოქალაქეობა 2022 წელს მისცა, არ იცოდა, რომ მას რუსული პასპორტი ჰქონდა - მან ეს მონაცემები არ მიუთითა და მხოლოდ ის თქვა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო.