კლუბში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ნურმაგედოვების ანგარიშები დააყადაღეს
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი 300 მილიონი რუბლის ოდენობის გადაუხდელი ვალია, მაგრამ საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილება დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ნურმაგომედოვის ირგვლივ სკანდალის ფონზე მიმდინარეობს.
28 ივნისს, რუსეთის სამართდამცავმა უწყებებმა ჩხრეკა ჩაატარეს ხაბიბ ნურმაგომედოვის მიერ დაფუძნებულ სპორტულ კლუბში. სწორედ ნურმაგომედოვის კლუბში ვარჯიშობდა 24 ივნისს დაღესტანში მომხდარი ტერორისტული აქტის ერთ-ერთი მონაწილე - ჰაჯიმურად კაგიროვი. ტერორისტი დაკავების მცდელობისას მოკლეს.
რუსული მედიის ცნობით, სპორტულ კლუბში მისულ სამართალდამცველებს ნურმაგომედოვთან უნდოდათ გასაუბრება, თუმცა სპორტსმენი იმ დროისთვის რუსეთში არ იმყოფებოდა.
კონტექსტი
დაღესტანში მომხდარი ორმაგი ტერორისტული აქტის ორგანიზატორები და შემსრულებლები ადგილობრივი ელიტური ოჯახებიდან იყვნენ. მათ შორის იყვნენ დაღესტნის სერგოკალას რაიონის მმართველი და სახელისუფლებო პარტიის წევრის, მაგომედ უმაროვის 2 შვილი და სხვა ნათესავები. უმაროვი მალევე გარიცხეს პარტიიდან და ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.
ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების UFC-ის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩემპიონია. ლიგის მფლობელი დენა უაითი ირწმუნებოდა, რომ 2018 წელს კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ნურმაგომედოვს რუსეთის ტერიტორიაზე 20 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება აჩუქა.
საყურადღებოა, რომ რუსეთის გარდა ნურმაგომედოვს არაბეთის გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობაც აქვს.