სტოლტენბერგი: ნატოს ამოცანა უკრაინის გამარჯვებაა
ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე, ბლოკის წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ 15 მაისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ჩართვისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ს მინიმუმ 2%-ის დახარჯვას, "რაც შეიძლება მალე, დაუყოვნებლივ, დიდი ხნის ლოდინის გარეშე" უნდა მიაღწიონ.
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ნატოს კარი ღიაა და ვილნიუსის სამიტზე ქვეყნები შეთანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამაზე, რათა "უკრაინას დაეხმარონ დაშორდეს საბჭოთა სტანდარტებს, დოქტრინებს, აღჭურვილობას და ნატოსთან სრულად თავსებადი გახდეს."
სტოლტენბერგის თქმით, ეს უკრაინის ნატოში შესვლას დააახლოებს.
"წევრობის კუთხით, ველი, რომ ნატოს მოკავშირეები იტყვიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი... ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა", - აღნიშნა მან.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს ამოცანაა უკრაინას მხარი იმდენ ხანს დაუჭიროს, რამდენიც საჭირო იქნება.
"ნატოს გადაუდებელი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი მოიგოს... ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ როდესაც ის დასრულდება, აუცილებელია ისტორიის გამეორება თავიდან ავიცილოთ." - თქვა სტოლტენბერგმა.