სუეცის არხში ნავიგაცია აღდგა, საცობი კიდევ 1 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება
გემის გადაადგილების შემდეგ, სუეცის არხში, რომელიც საზღვაო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი მარშრუტია ნავიგაცია აღდგა, თუმცა მოსალოდნელია, რომ წინა დღეებში ადგილზე მოგროვილი ასობით გემის გათვალისწინებით საცობი კიდევ 1 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ დროისთვის არხის სამხრეთ და ჩრდილოეთ შესასვლელთან სულ 400 გემი დგას.
იმ დროის განმავლობაში, რაც არხში ნავიგაცია შეწყდა, მხოლოდ სუეცის არხმა 95 მილიონი დოლარი იზარალა. შეწყდა ნავთობომზიდების მოძრაობა, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა მონაცემებით ამ დროში, მას შემდეგ, რაც 23 მარტს სუეცის არხში მოძრაობა შეწყდა გლობალურმა ვაჭრობამ სულ 230 მილიარდი დოლარი იზარალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არხში მოძრაობა აღდგა მსოფლიოს სასაქონლო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
გიგანტური კონტეინერმზიდი Ever Given, რომლის სიგრძეც 400 მეტრს აღემატება, ხოლო მის ბორტზე 20 000 კონტეინერი იყო განთავსებული სუეცის არხის ყველაზე ვიწრო მონაკვეთში 23 მარტს გაიჭედა. ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურად შეჩერებული იყო 10 მილიარდ დოლარამდე ღირებულების საზღვაო ტვირთის მოძრაობა. ფინანსური ზარალი საათში 400 მილიონ დოლარს შეადგენდა.