SYRIZA-ს ყოფილმა დეპუტატებმა ახალი პარტია შექმნეს

საბერძნეთის ოპოზიციური რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია - პროგრესული ალიანსი - სირიზა-დან“ წამოსულმა 11-მა დეპუტატმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ახალი მემარცხენე“ დააარსა.

სექტემბერში სტეფანოს კასელაკისის კანდიდატურამ „სირიზას“ შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში დაახლოებით 56%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და პარტიის ახალი ლიდერი გახდა.

„სირიზა-ში“ იდენტობის კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში პარტიის ახალ ლიდერად სტეფანოს კასელაკი აირჩიეს, რომელმაც „სირიზა-ს“ წევრების განცხადებით, გაერთიანების მემარცხენე პრინციპები დაარღვია და მემარჯვენე პოპულისტ ლიდერად იქცა.

11 დეპუტატის მიერ „რადიკალ მემარცხენეთა კოალიციის“ დატოვების შემდეგ, პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ალექსის ციპრასმა ახალ ლიდერს, სტეფანოს კასელაკისს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სტეფანოს კასელაკი, რომელიც 2008 წელს ჯო ბაიდენის კამპანიაში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა, აცხადებს, რომ საბერძნეთში აშშ-ს დემოკრატიული პარტიის მსგავსი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა სურს.

„სირიზა“, როგორც პოლიტიკური კოალიცია 2004 წელს, ხოლო როგორც პოლიტიკური პარტია 2012 წელს ჩამოყალიბდა. პარტიის ყოფილი ლიდერი, 2015-2019 წლებში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასია.

ოპოზიციური „რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია“ საბერძნეთის 300 წევრიან პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიას წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები