თალიბანმა ავღანეთის კიდევ ერთი ოლქი დაიკავა

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან მდებარე ოლქზე კონტროლი დაამყარა. 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ სამშაბათს, “მოულოდნელი შეტევის შედეგად” მათ ნერხის ოლქი დაიკავეს ვარდაკის პროვინციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს შენაერთების გასვლის ფონზე ავღანეთში შეტაკებების რაოდენობა იზრდება.

“ნერხის ოლქის ცენტრი, ვარდაკის პროვინციაში, პოლიციის განყოფილება, დაზვერვის სამსახურის ოფისი და არმიის დიდი ბაზა მთლიანად დაკავებულია,” - დაწერა თალიბანის სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერზე.

ასევე, მან აღნიშნა, რომ “მტრის ბევრი ჯარისკაცი მოკვდა ან დაშავდა.”

პროვინციის გუბერნატორმა, აბდულ რაჰიმ ტარიკმა დაადასტურა, რომ ოლქი თალიბანის კონტროლის ქვეშაა და ავღანეთის არმიის შენაერთებმა “ტაქტიკურად დაიხიეს უკან.”

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს ისინი შეტევას დაიწყებენ ოლქის დასაბრუნებლად.

ხუთშაბათს ქვეყანაში მუსლიმურ ფესტივალ "ეიდთან" დაკავშირებული 3 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება.

_____________________

თალიბანმა შეტევების ინტენსივობა მაისში გაზარდა.

გუშინ ქაბულში, სკოლასთან აფეთქებას 68 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა მოსწავლეები იყვნენ, 165 კი დაშავდა. ავღანეთის მთავრობამ აფეთქებაში თალიბანი დაადანაშაულა, დაჯგუფება ამას კატეგორიულად უარყოფს.

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან აშშ-ს და მისი მოკავშირეების გასვლის შემდეგაც შეინარჩუნოს ქვეყანაში სტაბილურობა, თუმცა ამ ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს.

 



მსგავსი სიახლეები