თურქეთსა და ისრაელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ

თურქეთი და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის შემდგარი იშვიათი სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმა განაცხადა. 

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა - 2018 წელს ღაზის სექტორში მიმდინარე მორიგი დაძაბულობის ფონზე მხარეებმა ელჩები გააძევეს. თურქეთი წლებია აპროტესტებს ისრაელის პოლიტიკას იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ებრაეული სახელმწიფოს მიდგომებს პალესტინელების მიმართ.

თავის მხრივ, ისრაელი თურქეთს ღაზას სექტორში გაბატონებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 

არსებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი რეჯეფ თაიპ ერდოღანის ინიციატივით შედგა, რომელმაც ისააკ ჰერცოგს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.

სატელეფონო საუბარი ისრაელის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ანკარაში ოფიციალური ვიზიტით პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი იმყოფებოდა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობები რეგიონის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

_______________________________

ჯერ კიდევ მაისში, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე ერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. სავარაუდოა, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ გამოხატულ ინიციატივას ხელი შეუწყო ისრაელში მთავრობის შეცვლამ და ახალი სამთავრობო კოალიციის დაკომპლექტებამ.

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთი ასევე ცდილობს გააუმჯობესოს გაფუჭებული ურთიერთობები ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან.

 

მსგავსი სიახლეები