ტარნავსკი: კასეტური ჭურვები უკვე მივიღეთ, ვითარება შესაძლოა ძირეულად შეიცვალოს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიუ-ტაქტიკური დაჯგუფების таврия-ს მეთაური ადასტურებს, რომ ქვეყანამ უკვე მიიღო კასეტური ჭურვები, თუმცა ჯერ მათი გამოყენება არ დაუწყია.
ამის შესახებ ოლექსანდრ ტარნავსკიმ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ კასეტური ჭურვები, თუმცა ჯერ არ გამოგვიყენებია, ამან შესაძლოა ბრძოლის ველზე ვითარება რადიკალურად შეცვალოს",- ამბობს ტარნავსკი.
უკრაინელი გენერლის თქმით, რუსი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხელმძღვანელობა ხვდება თუ როგორ შეცვლის ბალანსს კასეტური ჭურვები და შესაძლოა მათ უარი თქვან იმ ტერიტორიის დაცვაზე, სადაც უკრაინელებს ამ სისტემების გამოყენების საშუალება ექნებათ.
ტარნავსკი განმარტავს, რომ კასეტური ჭურვების გამოყენება აკრძალული იქნება მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ადგილები ოკუპირებულია.
"რუსები ფიქრობენ, რომ ჩვენ კასეტურ ჭურვების გამოყენებას ფრონტის მთელ მონაკვეთზე დავიწყებთ... ეს ასე არ არის, მაგრამ ისინი ძალიან ნერვიულობენ",- განაცხადა ტარნავსკიმ.
კონტექსტი
კასეტური ჭურვები, რომელიც ოფიციალურ დონეზე მსოფლიოს 120 ქვეყანაშია აკრძალული სივრცეში უფრო მცირე ასაფათქებელ მოწყობილიბობს უშვებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ აფეთქდეს. კონფლიქტის დასრულების შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობის რისკია ამ ტიპის საბრძოლო მასალის აკრძალვის ძირითადი მიზეზი.
საყურადღებოა, რომ აკრძალვის შესახებ შეთანხმება არ აქვთ რატიფიცირებული აშშ-ს და არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებს. ამ შეთანხმების ხელმომწერი არ არის უკრაინა. თავის მხრივ რუსეთი კი კასეტურ ჭურვებს აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სავარაუდოა, რომ აშშ უკვე მრავალი ათწლეულია აღარ აწარმოებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას, თუმცა სამხედრო საწყობებზე ცივი ომის დროინდელი მარაგების სახით მილიონობით ამ ტიპის ჭურვი ინახება.
კასეტური ჭურვების გამოყენება შესაძლებელია 155 მილიმეტრის მქონე საარტილერიო დანადგარებიდან, რომელიც უკრაინას გასული თვეების განმავლობაში გადაეცა. კიევი უკვე დიდი ხანია ითხოვს კასეტურ ჭურვებს ამის მიზეზად კი კონვენციური ჭურვების ნაკლებობას და საარტილერიო ცეცხლში რუსეთის უპირატესობას ასახელებს.
სამხედრო ექსპერტების ცნობით, კასეტური ჭურვები ეფექტურია ბრძოლის ველზე, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს დააბალანსოს კონვენციური ჭურვების ნაკლებობა. კასეტური ჭურვების გადაცემა თავის მხრივ შეამცირებს წნეხს დასავლეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზეც, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბოლო თვეებში წარმოების გაზრდასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.