ტერაქტი თელ-ავივში: დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

თელ-ავივში, პინხას როზენის ქუჩაზე, ტერორისტი ავტომობილით მოქალაქეებს თავს დაესხა. ამ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

Magen David Adom-ის სასწრაფო დახმარების სამსახური აცხადებს, რომ მედიკოსები შემთხვევის ადგილზე ხუთ ადამიანს მკურნალობენ.

პოლიციის ცნობით, 7 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები რამდენიმე დაშავებულს ასახავს.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულმა მოქალაქემ მოკლა.

ისრაელის პოლიციამ დაადასტურა, რომ ინციდენტი ტერორისტული თავდასხმაა.

Al Jazeera-ს ცნობით, ავტომობილით შეჯახების გარდა, თავდასხმელმა მოქალაქეები დანითაც დაჭრა და დაშავებული 10 ადამიანია.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანით თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანი დაიღუპა.

სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა ჯენინში ისრაელის რეიდზე პასუხია.

კონტექსტი

რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მასშტაბური რეიდი დაიწყო. ორმხრივ შეტაკებებში მინიმუმ 10 პალესტინელი დაიღუპა და დაახლოებით 100 დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ "ქალაქ ჯენინისა და ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ვრცელი კონტრტერორისტული ძალისხმევა დაიწყეს" და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

IDF-მა დაახლოებით 10 საჰაერო თავდასხმა განახორციელა დრონების გამოყენებით და გაანადგურა პალესტინელი ტერორისტების "სარდლობისა და კონტროლის" ცენტრი, ასევე "იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების ობიექტები."

გაეროს ჰუმანიტარული ოფისის განცხადებით, ლტლოვილთა ბანაკის რეიდის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბანაკებში დაშავებულთა სამკურნალოდ არ შედიოდა.

ორშაბათს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ლტოლვილთა ბანაკი ათასობით ადამიანმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები