თეთრი სახლი აფრთხილებს კონგრესს რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თანხები იწურება

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კონგრესის ლიდერები, რომ უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები მიმდინარე წლის ბოლომდე ამოიწურება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა კონგრესის ლიდერებს წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ თანხის ამოწურვის შემდეგ აშშ ვეღარ შეძლებს უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას და მის გადაცემას პენტაგონის რეზერვებიდან. 

შალანდა იანგის თქმით, დაფინანსების შეწყვეტამ შესაძლოა უკრაინა ბრძოლის ველზე ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდოს, რაც ზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვებების შანსს. 

"არ არსებობს არანაირი ჯადოსნური სკივრი ფულით, ჩვენ თანხები უბრალოდ ამოგვეწურა და თითქმის ამოგვეწურა დროც",- ნათქვამია იანგის წერილში. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობები უკვე საგრძნობლად არის შემცირებული. 

კონტექსტი 

ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის გავლენით კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული პაკეტის კენჭისყრას - 100 მილიარდიანი პაკეტში გაერთიანებულია უკრაინისა და ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტები. აქედან 60 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი. 

კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების განცალკევება მოითხოვა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ. 

სწორედ ამ საკითხში კომპრომისზე იქნება დამოკიდებული უკრაინის დახმარების ბედიც. 28 ნოემბერს კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ დახმარების ახალ პაკეტს კონგრესი შობამდე მიიღებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები