ტიხანოვსკაია: ევროკავშირმა უნდა აღიაროს ბელარუსის გარდამავალი მთავრობა
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს სთხოვა გაზარდოს ზეწოლა ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმზე და სრულად აღიაროს გაერთიანებული გარდამავალი ოპოზიციის კაბინეტი, როგორც ბელარუსი ხალხის წარმომადგენელი. ასეთი მოწოდება ტიხანოვსკაიამ ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ტიხანოვსკაია შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბელარუსის კრიზისი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, მისი აზრით, ბელარუსი რეგიონში კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა.
"თავისუფალი ბელარუსი იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია პუტინის ტერორის წინააღმდეგ. და თავისუფალი უკრაინის საუკეთესო მხარდაჭერა იქნება ათასკილომეტრიანი საზღვარი თავისუფალ ბელარუსთან, რომელიც არ არის რუსეთის კოლონია. დარწმუნებული ვარ, ევროპაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა ბელარუსის თავისუფლებაზე გადის. დარწმუნებული ვარ, ევროპაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გამარჯვებაზე გადის", - აღნიშნა ოპოზიციონერმა.
თავის გამოსვლაში ტიხანოვსკაიამ ასევე გაიხსენა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო არის "ომის დამნაშავე, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევის დიდი გამოცდილება". პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მასთან ურთიერთობას აზრი არ აქვს.
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის და სხვა პროგრამების ფარგლებში. ჩვენ უკვე დავამყარეთ ასეთი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან. ახლა, ისტორიაში პირველად, ევროპის საბჭოში იმოქმედებს არა ოფიციალური მთავრობა, არამედ ჩვენი დემოკრატიული მოძრაობა. ჩვენ ევროპარლამენტს მოვუწოდებთ იგივე გააკეთოს", - თქვა მან.