თომას დე ვაალი: სანამ მესამე ძალა არ გაჩნდება, ჯანსაღ პროცესებს არ უნდა ველოდოთ
სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე საკითხებზე "რეალპოლიტიკა" Carnegie Europe-ის უფროს მკვლევარს, თომას დე ვაალს ესაუბრა, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა.
"დარწმუნებული ვარ, მიშა რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ბიძინას დაიჭერენ. არ ვთვლი, რომ ეს საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღი პროცესია. საქართველოს ბევრი ეკონომიკური პრობლემა აქვს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრიდან გვერდზე გასწია."
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ქართული პოლიტიკა კვლავ ორი ფიგურის, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, სადაც ამ ორ ლიდერს, ერთმანეთის განადგურების სურვილი ამოძრავებთ.
"საქართველომ ინფრასტრუქტურას, მის საერთაშორისო სტატუსს და ტერიტორიულ პრობლემებს უნდა მიხედოს. არ ვთვლი, რომ მიშასა და ბიძინას შორის ჯახი ამაში დაგეხმარებათ, ეს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს აზარალებს.
ჩემს ბევრ ნაცნობ ქართველს მესამე ძალის, მეტი კონსენსუსის დანახვა სურს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, თუმცა ვთვლი, რომ უმრავლესობა „შუაშისტია“, რომელსაც პროგრესი სურს, თუმცა ვერ ხედავს ლიდერს, რომელიც მათ წინ გაუძღვებოდა.
სამწუხაროდ, სანამ ძლიერი მესამე ძალა არ გაჩნდება, საქართველოს პოლიტიკისთვის ჯანსაღ პროცესებს არ უნდა ველოდოთ",- განაცხადა დე ვაალმა.