ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, კამბოჯამ ტაილანდზე იერიში მიიტანა
ტაილანდის სამეფო ჯარის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და საზღვრის გასწვრივ საომარი აქტივობა გაზარდა.
ტაილანდის მეორე სამხედრო ოლქის ანგარიშის თანახმად, 8 დეკემბერს კამბოჯამ სასაზღვრო რეგიონებში მძიმე ტექნიკა და შეიარაღება გადაისროლა
ჩაშლილად: 8 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, კამბოჯამ T-55 ტიპის ტანკები სამრონგის რეგიონში შეიყვანა.
- 23:00 საათზე კამბოჯის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა.
- დაახლოებით 00:00 საათზე დაფიქსირდა RM-70 ტიპის რეაქტიული სისტემების გადაადგილება ჩომ კარსანის რეგიონში.
- 9 დეკემბრის 1:00 საათზე სამრონგის მიმართულებით BM-21 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები დაიძრა.
- ტაილანდმა განაცხადა, რომ აძლიერებს დაკვირვებას და ხალხისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, შესაბამის ზომებს იღებს.
- 5:00 საათზე ტაილანდის ინფორმაციით, კამბოჯამ საზღვართან ახლოს ცეცხლი გახსნა, რასაც ტაილანდელების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
- ტაილანდის მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამბოჯის იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 სამხედრო.
- 8:30-ზე ტაილანდის არმიამ განაცხადა, რომ კამბოჯელმა სამხედროებმა ბური რამის პროვინციაში მშვიდობიანი დასახლებები დაბომბეს.
- კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ყველა ბრალდებას უარყოფს.
- "კამბოჯის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი ხელშეკრულება არ დაურღვევიათ". - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
კონტექსტი: ტაილანდისა და კამბოჯის საზღვარზე სამხედრო შეტაკებები რეგულარულად ხდება. 2025 წლის ზაფხულში ორი ქვეყნის მომიჯნავე რაიონებში დაფიქსირდა მინიმუმ 6 შეიარაღებული კონფლიქტი. კამბოჯელების დაბომბვების შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.
- ხანგრძლივი კონფლიქტი ფრა ვიჰეარისა და ტა მოან თხომის ტაძრების კომპლექსებთან დაკავშირებულ ტერიტორიულ დავას უკავშირდება.
- 1962 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ფრა ვიჰეარის ტერიტორია კამბოჯის საკუთრებად აღიარა, ხოლო 2013 წელს თავისი გადაწყვეტილება ხელმეორედ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ლოკალური შეიარაღებული შეტაკებები ქვეყნებს შორის გრძელდება.
- 2025 წელს ტაილანდმა კამბოჯა სადავო ტერიტორიების დანაღმვაში დაადანაშაულა.
დიდი სურათი: 2025 წლის 28 ივლის ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტას მოაწერეს ხელი.
- 26 ოქტომბერს მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
- სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული იყო აშშ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც მხარეებს შორის მედიატორის როლი ითამაშა.
- დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდის ტყვეობიდან გათავისუფლებულია 18 კამბოჯელი სამხედრო. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რეგიონალური დამკვირვებლები საზღვარზე მიმდინარე სიტუაციას გააკონტროლებენ.
- დონალდ ტრამპს კამბოჯასა და ტაილანდს შორის კონფლიქტი იმ დასრულებული 8 ომის ჩამონათვალში აქვს შეტანილი, რომელიც მისი შუამდგომლობით დასრულდა.