ცახალის გენერალი: ჩვენ ქალაქ ღაზის კარიბჭესთან ვართ

ღაზას სექტორის სიღრმეში განლაგებული სამხედრო შენაერთის მეთაურის თქმით, მისი დანაყოფი ამ დროისთვის ჰამასის ინფრასტრუქტურას სექტორის სიღრმეში ანადგურებს. 

ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების 162-ე დივიზიის გენერალმა იცხიკ კოენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

"ჩვენ ქალაქ ღაზას კარიბჭესთან ვართ. ეს ომი ჩვენ არ აგვირჩევია ჰამასმა აირჩია",- განაცხადა გენერალმა. 

კოენის თქმით, 5 დღის წინ მისმა შენაერთმა მნიშვნელოვანი დავალება მიიღო - სწრაფად და დამაჯერებლად გაანადგურონ ჰამასი. "გასული 5 დღის განმავლობაში ჩვენ ჰამასის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები გავანადგურეთ. ჩვენ შევუტიოთ მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას - გვირაბებს, საბრძოლო მასალის საწყობებს",- ამბობს კოენი. 

გენერლის თქმით, ცახალის წინაშე დასახული ამოცანა არ არის მარტივი, თუმცა "ისრაელი გაიმარჯვებს ეგზისტენციალურ ომში."

კონტექსტი 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 27 ოქტომბერს ღაზაში ოპერაციის გაფართოების შესახებ გამოაცხადეს. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები, რომელშიც ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზასთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალთან გამოჩნდნენ. 

New York Times-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რეკომენდაციების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის გეგმა შეცვალა. გამოცემის წყაროს ცნობით, ისრაელის არმია მასშტაბური ოპერაციის ნაცვლად წერტილოვან რეიდებისა და შედარებით მცირე დანაყოფებით მოქმედების ტაქტიკას მისდევს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული მონაცემებით ღაზაში სახმელეთო დანაყოფების შესვლის შემდეგ ჰამასთან შეტაკებებში მოკლულია 15 სამხედრო, მათ შორის არიან ოფიცრებიც. 

 

მსგავსი სიახლეები