წინსვლა კრიტიკული მონაკვეთზე და დანაკარგები, კურსკის ოპერაცია, დღე 16 - მთავარი
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეთექვსმეტე დღე მიმდინარეობს. ღია წყაროების მიხედვით, უკრაინულ არმიას აქვს წინსვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება საზღვრისპირა გლუშკოვოს რაიონში.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკი მადლობას უხდის კურსკის ოლქში მოქმედ დანაყოფებს "გაცვლის ფონდის" შევსებისთვის და ამბობს, რომ მუშაობა გრძელდება.
გიყვებით უკრაინული იერიშის მეთექვსმეტე დღის მთავარ ამბებს.
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინული არმია აგრძელებდა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს გლუშკოვოს რაიონში, რომლის იზოლირებას ЗСУ უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.
ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსული დანაყოფებისთვის უმნიშვნელოვანესი ხიდების განადგურების შემდეგ, უკრაინული არმია რუსების მიერ ორგანიზებული დროებითი პონტონური გადასასვლელების განადგურებას შეუდგა და გავრცელებული კადრების მიხედვით წარმატებულადაც.
გასულ 24 საათში არ გავრცელებულა ცნობები გლუშკოვოს რაიონში უკრაინული არმიის მასირებული სახმელეთო შეტევების შესახებ, თუმცა ცნობილია მასირებული საარტილერიო, საავიაციო და დრონების შეტევების შესახებ. ვრცელდება კადრები, რომელზეც ასახულია უკრაინული ავიაციის დარტყმები მართვადი ბომბებით უშუალოდ რაიონულ ცენტრ, გლუშკოვოში მდებარე რუსულ პოზიციებზე. გრძელდება საავიაციო დარტყმები საზღვრისპირა სოფელ ტიოტკინოს მიმართულებითაც.
გლუშკოვოს რაიონში შეტევით უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამგვარი ოპერაციებისთვის დამახიასათებელი ცენტრალური პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს. საქმე ის არის, რომ უკრაინის არმიის გარღვევა ეფექტურობის მიუხედავად პირველ დღეებში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრილ სოლს ჰგავს. ასეთი მონაკვეთის დაცვა კი ძალზედ რთულია, განსაკუთრებით ფლანგებიდან. გასული 2 კვირის განმავლობაში ვხედავად ЗСУ-ს ხელმძღვანელობის თანმიმდევრულ მცდელობას მაქსიმალურად გააფართოვონ შეხების ხაზები. ამგვარად, დღეს უკრაიინული არმიის მდგომარეობა კურსკში აღარ ჰგავს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეჭრილ სოლს, ეს უკვე საკმაოდ ფართე ზონაა (დაახლობით 60კმ), რომელიც სახელმწიფო საზღვარს მიუყვება.
გასულ 24 საათში გაგრძელდა უკრაინული არმიის შეტევები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც, კერძოდ კორონევოს მიმართულებით, რომლისთვის ბრძოლები პრაქტიკულად ოპერაციის პირველივე დღიდან მიმდინარეობს. სწორედ ამ მონაკვეთზე ფიქსირდება უკრაინელთა ძირითადი წინსვლა გასული 24 საათის განმავლობაში.
რუსი Z-ბლოგერები კორონევოში ან დასახლებულ პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ გასულ დღეებშიც წერდნენ, თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით პროპაგანდისტები პირველად ადასტურებენ ЗСУ-ს წინსვლას ამ რაიონში.
"კორონევოს კვლავ ჩვენი დანაყოფები აკონტროლებენ, თუმცა სამხრეთით მოწინააღმდეგემ სოფელ სნაგოსტის გავლით უკვე შეაღწია მეზობელ ვიშნიოვკაში. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ადგილის რელიეფიბიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე ვერ შევიდოდა ვიშნიოვკაში, სნაგოსტის სრული კონტროლის გარეშე. ამას ადასტურებს ჩვენი დანაყოფების არყოფნა სნაგოსტში"- წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული მსხვილი ტელეგრამ არხი რიბარი.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის მხრიდან 225-ე მოიერიშე ბატალიონი მოქმედებს, ხოლო მათ წინააღმდეგ რუსეთის მიერ ხერსონის ფრონტიდან გადმოსროლილი 810-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადაა.
"ჯამში აქ რთული სიტუაციაა, მაგრამ ბიჭები ჯერჯერობით მაგრად დგანან"- წერს Z-ბლოგერი, იური პოდოლიაკა.
გარდა ამისა, ბრძოლები მიმდინარეობს უშუალოდ რაიონულ ცენტრ სუჯას მიდამოებში და იმავე წყაროების ცნობით, უკრაინულ არმიას აქაც აქვს წინსვლა. "ბორკასა და სპალნოეში მოწინააღმედეგის ძალების მიმართ გამუდმებულ დარტყმებს ახორციელებს ჩვენი არტილერია, მაგრამ უკრაინული ფორმირებიბისგან სოფლები გაწმენდილი არ არის. გარდა ამისა, სოფელ რუსკოე კონოპლიონკას მიმართულებით ჩვენი დარტყმების მიხედვით, ამ სოფელსაც მოწინააღმდეგე აკონტროლებს"- წერს რიბარი. ამავე წყაროს ცნობით, სავარაუდოა, რომ სუჯის რაიონში უკრაინელები კიდევ 2 სოფელს აკონტროლებენ: უსპენოვკასა და ვიქტოროვკას.
უკვე მეხუთე დღეა რუსეთის სამაშველო სამსახურები ვერ აქრობენ ხანძარს როსტოვის ოლქში მდებარე, პროლეტარსკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რომელსაც უკრაინულმა დრონებმა 17 აგვისტოს შეუტიეს. გასულ 24 საათში ხანძრის მახლობლად რუსი მღვდლებიც გამოჩნდენ, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ლოცვაც აღავლინეს.
პროლეტარსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც სხვადასხვა შეფასებებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტებს ინახავს.
ტყვეები და დანაკარგები
OSINT ანალიტიკოსებმა კურსკის ოპერაციის ფარგლებში მხარეების მიერ განცდილი და ვიდეო-ფოტო კადრებით ვერიფიცირებული დანაკარგების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნეს. მონაცემების მიხედვით, კურსკის ოპერაციის ფარგლებში უკრაინელების დანაკარგი ჯამურად 65 ერთეული, ხოლო რუსეთისას 40 ერთეული შეადგინა.
უკრაინის დანაკარგები შემდეგნაირად გამოიყურება:
- 3 - სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის დანადგარი;
- 4 - სხვადასხვა ტიპის ტანკი, მათ შორის დასავლური წარმოების;
- 16 - სხვადასხვა ტიპისა და წარმოებისა ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი;
- 4 - საინჟინრო და გამნაღმველი მანქანა;
- 33 - სხვადასხვა ტიპის შეჯავშნული ავტომობილი;
- 2 - საბჭოთა წარმოების სატვირთო ავტომობილი;
- 1 - გადასატანი რადარი
- 1 - რეაქტიული ცეცხლის ზალპური სისტემა
ამავე მონაცემების მიხედვით რუსეთის დანაკარგები შემდეგნაირად გამოიყურება:
- 2- Ка-52-ის ტიპის ვერტმფრენი;
- 5 - სხვადასხვა ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრასნპორტიორი;
- 11 - სხვადასხვა ტიპის ტანკი;
- 1 - თვითმავალი ჰაუბიცა;
- 1 - ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი;
- 1 - დრონი;
- 18 - სხვადასხვა ტიპის სატვირთო ავტომობილი;
დღეს უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის მორიგი კადრები. უკრაინის 225-ე მოიერიშე ბატალიონის მიერ გავრცელებულ კადრებზე ტყვედ ჩავარდნილი 15 რუსი ჯარისკაცი ჩანს, მათ შორის არიან სპეცრაზმ ახმატის მებრძოლები.
OSINT ანალიტიკოსების ცნობით, კურსკის ოპერაციის ფარგლებში ვიზუალურად ვერიფიცირებული რუსი სამხედრო ტყვეების ჯამური რიცხვი 507-ს გაუტოლდა.
ანალიზი
უკრაინული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა რუსეთის არმიის წინსვლა დონეცკის ოლქში. საოკუპაციო არმიამ დაიკავა სოფლები კომიშინივკა, ზავიტნოე და ნოვოჟელანნოე, გარდა ამისა წინ წაიწიეს სოფელ მიკოლაივკის მიმართულებით.
რუსული არმიის რეზერვების მოძრაობის შესახებ Deep State მოზრდილ ანალიზს ავრცელებს, რომელშიც მიმოხილულია ფრონტის სხვა მონაკვეთებზე შეცვლილი დინამიკა კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კურსკის ოპერაციის დაწყების დღიდან არსებობდა მოლოდინი, რომ რუსები რეზერვებს სწორედ დონეცკის, კერძოდ კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოკროვსკის ფრონტიდან გადაისროდნენ. უკრაინელი ანალიტიკოსების ცნობით, პოკროვსკის მნიშვნელობიდან გამომდინარე რუსები მაქსიმალურად ცდილობენ არ შეეხონ პოკროვსკის მიმართულებით მოქმედ დაჯგუფებას, მაგრამ მათ რეზერვები კურსკში ფრონტის სხვა მიმართულებიდან გადაჰყავთ.
ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად Deep State მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელ კრინკის ასახელებს, რომელშიც უკრაინელი მებრძოლები პლაცდარმს რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. კრინკიდან უკრაინელი მებრძოლების გასვლის შემდეგ Deep State-ის ცნობით, სწორედ ამ რაიონიდან გადაისროლეს ერთ-ერთი გამოცდილი დანაყოფი.
Deep State-ის მონაცემებით, რუსებმა შესაძლოა დამატებითი დანაყოფები გადაისროლონ სოფელ რობოტინედან, რომელიც 2023 წლის უკრაინული კონტრიერიშის მთავარი დარტყმის მიმართულებას წარმოადგენდა. უკრაინელი ანალიტიკოსების ცნობით, კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ ამ მონაკვეთზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა.
გარდა ამისა, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რეზერვები გადასასროლად კურსკთან სიახლოვის გათვალისწინებით რუსეთისთვის მოსახერხებელი იქნება ლუჰანსკის ფრონტი, რომელზეც საოკუპაციო არმიის საკმაოდ დიდი დაჯგუფება მოქმედებს. ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი უკრაინის 77-ე ბრიგადის მებრძოლები ბოლო პერიოდში საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირებაზე იუწყებიან, თუმცა ამავე წყაროს ცნობით, ვითარება ადგილზე კვლავ რთულია.
გარდა ამისა, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსებმა უკვე გადაისროლეს მნიშვნელოვანი რეზერვები ხარკივის ფრონტიდან, სადაც კურსკის ოპერაციის დაწყებამდე შეტევის განახლებისთვის ემზადებოდნენ.
რაც შეეხება პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებებს Deep State-ის მონაცემებით, რუსების სამხედრო დაჯგუფების უზარმაზარი კონცენტრაციის გათვალისწინებით საოკუპაციო არმია სწრაფად მიიწევს წინ.
"პოკროვსკი, ტორეცკი და მირნოგრადი რუსებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლებსაც ისინი ნამდვილად არ გაიღებენ მსხვერპლად კურსკში ვითარების სტაბილიზაციისთვის"- ნათქვამია მიმოხილვაში.