წოდება ჩამოართვეს და 5 წლით დააპატიმრეს გენერალი, რომელიც გერასიმოვს აკრიტიკებდა

ტამბოვის გარნიზინულმა სამხედრო სასამართლომ გენერალ მაიორ, ივან პოპოვს, რომელიც 2023 წლამდე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 58-ე არმიას ხელმძღვანელობდა თაღლითობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ჩამოართვა სამხედრო წოდება - პოპოვი სამხედრო სამსახურიდან გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. 

State Of Play: პატიმრობის ვადას პოპოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. გარდა ამისა, პოპოვს დაეკისრა ჯარიმა 800 ათასი რუბლის ოდენობით. 

  • პოპოვის ადვოკატის ცნობით, თავდაცვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოპოვის თხოვნა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გაგზავნის შესახებ - უფლებადამცველის თქმით, უწყებაში განუცხადეს, რომ შესაბამისი ვაკანსიები ამ დროისთვის არ არსებობს. 

  • განაჩენის მოახლოების ფონზე, პოპოვმა საგანგებო წერილით მიმართა ვლადიმირ პუტინს და მას სამხედრო მწყობრში დაბრუნება სთხოვა. 

Big Picture: ოფიციალურად პოპოვს დიდი ოდენობით თაღლითობაში ადანაშაულებენ - ბრალდების მხარის მტკიცებით, პოპოვმა თანამზრახველებთან ერთად მიითვისა ზაპორიჟიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის განკუთვნილი თანხა. 

  • თავად გენერალი ბრალს არ აღირებს, ხოლო მისი დაცვა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 

Context: ივან პოპოვი რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გენერალია. 2023 წლის ზაფხულამდე პოპოვი რუსეთის 58-ე არმიას მეთაურობდა, რომელიც იმ პერიოდში ზაპორიჟიის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშს იგერიებდა. 

  • სწორედ ამ პოსტზე მუშაობისას მას გაუჩნდა კონფლიქტი გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან. 

  • კონფლიქტის მიზეზი პოპოვის თქმით, მის ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილი უთანხმოება გახდა - პოპოვი არმიაში შექმნილ პრობლემებსა და როტაციის აუცილებლობაზე საუბრობდა, რასაც გენშტაბის უკმაყოფილება მოჰყვა. 

  • "მე ეს პრობლემები უმაღლეს დონეზე გამოვთქვი, ძალიან გულწრფელად და მაქსიმალურად უხეშად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, უფროსებმა ჩემგან რაღაც ხიფათი იგრძნეს, მათ ერთი დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და მე მომიშორეს,"- ამბობდა პოპოვი გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში.

  • 58-ე არმიის მეთაურის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, პოპოვი ცოტა ხნით სირიაში გადაიყვანეს, თუმცა გასული წლის მაისში ის მოსკოვში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. 

Go Deeper: რუსეთის 58-ე არმიის მეთაური: მოღალატეობრივად და ვერაგულად მომიშორეს

მსგავსი სიახლეები