ტუნი: სენატის რესპუბლიკელების უმრავლესობა უკრაინაზე დესანტისს არ ეთანხმება
სენატში რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდრმა ჯონ ტუნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სენატის რესპუბლიკელების უმრავლესობა არ ეთანხმება ფლორიდის გუბერნატორის რონ დესანტისის მოსაზრებას, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ არის აშშ-ის "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი."
"უკრაინაში აშშ-ის ჩართულობის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სენატის რესპუბლიკელებს შორის უმრავლესობის აზრია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესი რუსეთის აგრესიის შეჩერებაში და ეს, რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებაა", - განუცხადა ტუნმა ჟურნალისტებს.
ტუნი ერთ-ერთია სენატის რესპუბლიკელებიდან, რომლებიც დისტანცირებას ახდენენ დესანტისის განცხადებისგან, რომელიც უკრაინაში ომს "ტერიტორიულ დავას" უწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი აქვს - ჩვენი საზღვრების დაცვა, სამხედრო მზადყოფნის კრიზისის მოგვარება, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძალის კონტროლი - უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ უფრო ჩაბმა არ არის ერთ-ერთი მათგანი", - თქვა დესანტისმა Fox News-ის ულტრამემარჯვენე წამყვანი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ The Hill-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები დაკარგავს სანდოობას, როგორც საერთაშორისო ძალა, თუ იგი თავს არიდებს უკრაინის მხარდაჭერას.
"არა მგონია, რომ ეს ტერიტორიული დავა იყოს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ისინი იყენებენ ჩვენი ალიანსების დასაშლელად, არის ის, რომ ჩვენ არასაიმედო ვართ", - თქვა მან.
ორშაბათს გამოქვეყნებულმა Gallup-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელების 62% და დემოკრატების 58% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებისთვის.