ტუნისის ლიდერმა უზენაესი სასამართლო საბჭო დაითხოვა

 

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა სასამართლო ზედამხედველობის ორგანოს - უზენაესი სასამართლო საბჭოს - დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

საიდმა მოსამართლეები კორუფციასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

„მათი ადგილი არა მოსამართლის სკამებზე, არამედ დამნაშავეთა რიგებშია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საბჭოს თავმჯდომარე იუსიფ ბუზახერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკანონოს და არაკონსტიტუციურს უწოდებს.

„ვაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და სასამართლო საბჭოს ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ“, - აცხადებს ბუზახერი.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ღაზი შაუაშიმ საბჭოს დაშლა პრეზიდენტის მიერ „ძალაუფლების მიტაცებად“ შეაფასა.

შაუაშის თქმით, პრეზიდენტი უკვე აკონტროლებს ხელისუფლების ორ - აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, ახლა კი ხელში „ტოტალური“ ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობს.

გასული წლის ივლისში ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საიდმა პრემიერ-მინისტრი დაითხოვა და პარლამენტის მუშაობა შეაჩერა.

მაშინ პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობის გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ტუნისელი გამოვიდა.

ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ ივლისში კონსტიტუციის ახალ რედაქციას სახალხო რეფერენდუმზე გაიტანს.

 


ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყანა „არაბული გაზაფხულის“ ერთადერთი წარმატებული დემოკრატიული ექსპერიმენტის სახელით გახდა ცნობილი, როცა 2011 წელს დიქტატორ ბენ ალის ხელისუფლება დაამხეს.

მას შემდეგ ტუნისი დემოკრატიული გარდაქმნის და ამავე დროს, კრიზისის მორევში ჩაიძირა. 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სამართლის პროფესორმა კაის საიდმა გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის დაპირებით მოვიდა.

მსგავსი სიახლეები