ნატოს მოთხოვნით თურქეთი კოსოვოში სამშვიდობოებს გაგზავნის

ნატოს მოთხოვნის საპასუხოდ თურქეთმა გადაწყვიტა, თავისი სამშვიდობო ძალები კოსოვოში გაგზავნოს.

ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

"კოსოვოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნეაპოლში, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობის მოთხოვნით, 65-ე მექანიზებული ქვეითი სარდლობის ბრიგადის სპეცდანიშნულების ბატალიონი დისლოცირდა, რომელიც ადრე იყო გამოყოფილი ნატოს კოსოვოს ძალების (KFOR) სარეზერვო ქვედანაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

დისლოცირებული ქვედანაყოფი 4-5 ივნისს კოსოვოში, სულთან მურატის ყაზარმში გადაინაცვლებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე მხარეებს კრიზისის მოსაგვარებლად თავშეკავებული და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

კონტექსტი

ჩრდილოეთ კოსოვოს ახალი მერების არჩევის შემდეგ, სერბულ მოსახლეობაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სოფელ ზვეჩანში მომიტინგეები ნატოს სამშვიდობოებს ცეცხლსასროლი იარაღით და ქვებით დაესხნენ თავს.

დაშავდა 30 იტალიელი და უნგრელი ჯარისკაცი, ასევე 50-ზე მეტი სერბი.

შუალედურ არჩევნებში, რომელსაც სერბებმა ბელგრადის მთავრობის მოწოდებით ბოიკოტი გამოუცხადეს, ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. არჩევნებზე აქტივობა 4%-ზე ნაკლები იყო.

კოსოვოს პრეზიდენტმა ვესა ოსმანიმ დაადასტურა, რომ კოსოვო მზად არის ჩრდილოეთში ახალი არჩევნები ჩაატაროს.

არჩევნების განმეორების შესაძლებლობაზე ისაუბრა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმაც. ამის პირობა, მისი თქმით, უნდა იყოს სერბების ადგილობრივი საკრებულოების შენობებიდან გაყვანა და მათი ძალადობრივი პროტესტის შეწყვეტა.

მსგავსი სიახლეები