თურქეთში გიულენის ქსელის 160 წევრი დააკავეს

თურქეთში პროკურორებმა სასამართლოს 160 ადამიანის დაკავებაზე შუამდგომლობით მიმართეს, მათ შორის, 33 მოქმედი სამხედროა. ისინი ფეტულა გიულენის ქსელის წევრები არიან.

გიულენი ამერიკაში მყოფი რელიგიური ლიდერია, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ქვეყნის მასშტაბით გამოძიება სამხედრო აკადემიის 110 სტუდენტის და 48 მოქმედი და ყოფილი სამხედროს წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და შეიარაღებულ ძალებში გიულენის მხარდამჭერების დევნა დაიწყო. მისი ქსელის ათობით ათასი წევრი დააპატიმრეს და 100 000-ზე მეტმა მათგანმა სამსახური დაკარგა.

გარდა ამისა, თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 20 000-ზე მეტი ადამიანი გააძევეს.

გიულენი რეჯიპ ტაიპ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. ის 2016 წლის სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობას უარყოფს და 1999 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები