ტუსკი რესპუბლიკელ სენატორებს: სირცხვილი, რეიგანი ალბათ საფლავში ბრუნავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური პარტიის სენატორებს უკრიანის დახმარების პაკეტის ბლოკირებისთვის აკრიტიკებს.
"ძვირფასო ამერიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელმაც მილიონებით ჩვენგანს დაეხმარა თავისუფლების დაბრუნებაში ალბათ საფლავში ბრუნავს. სირცხვილი თქვენ",- წერს ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი)
თითქმის 2-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ 7 თებერვალს რესპუბლიკელმა სენატორებმა კვლავ დაბლოკეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის დახმარების 60 მილიარდიან პაკეტს მოიცავდა.
კონტექსტი
თეთრ სახლში ამბობენ, რომ ადმინისტრაციას უკვე აღარ აქვს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხები, ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინული არმიის მდგომარეობაზე ბრძოლის ველზე.
ჯო ბაიდენი აქტიურად მოუწოდებდა სენატორებს კანონპროექტის მიღებისკენ და ყურადღებას კრიტიკულ მომენტზე ამახვილებდა. პაკეტის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა დონალდ ტრამპი, რომელმაც მის მხარდამჭერ სენატორებსა და კონგრესმენებს ინიციატივის ბლოკირებისკენ მოუწოდებდა.
სწორედ ტრამპისტულად განწყობილი რესპუბლიკელები წარმოადგენენ მთავარ წინაღობას უკრაინის დახმარების გაგრძელების კუთხით.
მოსალოდნელია, რომ დღეს, 8 თებერვალს სენატი შეეცდება უკრაინის დახმარების პაკეტი ე.წ. სასაზღვრო შეთანხმების გარეშე გაიტანოს. უკრაინის დახმარების პაკეტის მიღების სანაცვლოდ რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციისგან სასაზღვრო ზოლზე ვითარების გამოსწორებას და არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ, თუმცა მხარეებმა ამ საკითხზე მისაღებ კომპრომისს ვერ მიაღწიეს.