უკრაინა პოლონეთისგან ჯავშანტრანსპორტიორებს და საზენიტო სისტემებს შეიძენს

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 5 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე თანამშრომლობის შესახებ. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა პოლონეთისგან Rosomak-ის ჯავშანტრანსპორტიორების, Rak-ის თვითმავალი ნაღმმტყორცნების, Piorun-ის საზენიტო სისტემების და სხვა შეიარაღების შეძენას გეგმავს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, არამედ თანამშრომლობაზე, კერძოდ, შესყიდვების ფორმატში, რაც გააძლიერებს როგორც უკრაინის, ასევე პოლონეთის თავდაცვით პოტენციალს. მისი თქმით, არსებობს "ძალიან არსებითი შეთანხმებები" იარაღთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინას სჭირდება.

ასევე განიხილეს იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოების შექმნა.

"პოლონეთი ლიდერობს სატანკო კოალიციაში, შემდეგი ნაბიჯი არის საავიაციო კოალიცია", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა მიხალ დვორჩიკმა განაცხადა, რომ უკრაინა პოლონური ქარხნებიდან ყიდულობს 150 Rosomak-ის ჯავშანტრანსპორტიორს, სამი ასეულისთვის Rak-ის თვითმავალი ნაღმმტყორცნების მოდულს და 100 საზენიტო სისტემა Piorun-ს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ომის შემდეგ შესანიშნავი პოლონური სამხედრო ტექნიკა ხშირ შემთხვევაში უკრაინის არმიის მთავარი შეიარაღება იქნება", - დაწერა მან Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები