უკრაინამ რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე მასირებული იერიში მიიტანა

13 აგვისტოს, ღამით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (СБУ) და თავდაცვის ძალებმა, კამიკაძე-დრონების და რამდენიმე რაკეტის გამოყენებით, რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომზე საჰაერო იერიშები მიიტანეს.


ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასა" და სააგენტო როიტერსზე დაყრდნობით.


გამოცემებს უკრაინის უშიშროების სამსახურში არსებულ წყაროები ეუბნება, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „მთელი ომის განმავლობაში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უმსხვილესი თავდასხმა განახორციელეს“.


საუბარია ვორონეჟის (ბალტიმორის აეროდრომი), კურსკის, სავასლეიკას (ნიჟეგოროდსკოის ოლქი) და ბორისოგლებსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო აეროდრომებზე.


გამოცემებს წყაროები უდასტურებენ, რომ ეს იყო “წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია”, რათა მოწინააღმდეგემ [რუსეთმა] აღნიშნული სამხედრო აეროდრომები უკრაინული ქალაქებისა და ფრონტის დასაბომბად ვეღარ გამოიყენოს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა “Схемы”-იმ ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო აეროდრომის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.


სატელიტურ ფოტოების მიხედვით, კამიკაძე-დრონების მეშვეობით, განადგურდა რამდენიმე ანგარი. ავიაციის ექსპერტის, ანატოლი ხრაპჩინსკის მიხედვით, საუბარია ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილზე, რომელიც თვითმფრინავების შეკეთებისა და მომსახურების მიმართულებით მუშაობს.


აღსანიშნავია, რომ ბორისოგლებსკის აეროდრომზე ბაზირებულია სხვადასხვა სახის სამხედრო თვითმფრინავები - Су-25, Су-30, Су-34 და Су-35, რომლებიც მართვადი ავიაბომბების გადამტანები არიან. რუსეთის არმია მათ ფრონტის ხაზის და უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს.


14 აგვისტოს დღისით, უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა კურსკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შემავალი საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების მიერ რუსული Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენის განადგურებაც, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

მასირებულ შეტევაზე განცხადებები გააკეთეს რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებმა . მათი თქმით, იერიში განხორციელდა კამიკაძე-დრონებითა და რაკეტებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 4 ტაქტიკური რაკეტის და 117 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება შეძლებას, თუმცა, სამხედრო აეროდრომების შესახებ არაფერი უთქვამთ.

მათი განცხადებით, ოთხივე რაკეტა და 37 დრონი კურსკის ოლქში გაანადგურეს, კიდევ 37 დრონი - ვორონეჟის ოლქში, 17 - ბელგოროდში, 11 - ნიჟნი-ნოვგოროდში, ცხრა - ვოლგოგრადის ოლქში, სამი - ბრიანსკში, ორი - ორიოლის ოლქში და ერთი - როსტოვში.

მსგავსი სიახლეები