უკრაინამ შესაძლოა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს

 

ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიჩუკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა იერუსალიმი მალე ისრაელის "ერთადერთ" დედაქალაქად აღიაროს და იმედოვნებს, რომ საელჩო ნაწილობრივ იქ გადავა. სავარაუდოდ, ეს ისრაელში მომავალ წელს დაგეგმილი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას მოხდება.

კორნიჩუკმა The Times of Israel-თან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეში დასრულდება, თუმცა სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების სურვილი აქვს.

ელჩმა განცხადება ამის შესახებ უკრაინა-ისრაელის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელსაც იერუსალიმის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ზეევ ელკინი ესწრებოდა.

უკრაინაში გაზრდილმა ელკინმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ იმედოვნებს პრეზიდენტი ზელენსკი საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს.

ამ საკითხზე ის ჯერ კიდევ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერობისას მუშაობდა.

ამერიკის დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზება მიმდინარეობს და ახალი ომის მოლოდინში მყოფ უკრაინას ისრაელთან სამედრო კავშირების გაღრმავება სურს.

 

 

მსგავსი სიახლეები