უკრაინის არმიამ ბახმუტთან სავარაუდოდ 2 მნიშვნელოვანი დასახლება დაიბრუნა
უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტის ირგვლივ 5.4 კვ/კმ2 გაათავისუფლეს. ამას ადასტურებს უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის განახლებული რუკა.
რუსული წყაროების ცნობით, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში აღმოჩნდა ერთდროულად 2 მნიშვნელოვანი დასახლება - საუბარია ანდრეევკასა და კლიშიივკაზე, რომელთა კონტროლიც ბახმუტში მდებარე რუსული გარნიზონის ალყაში მოსაქცევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რამდენიმე საათით ადრე უკრაინული გენშტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დატოვეს სოფელი ანდრეევკა. "ანდრეევკას დაკავება, ისევე როგორც ბახმუტის ირგვლივ მდებარე სხვა დასახლებული პუნქტების დაგვეხმარება ბახმუტის ალყაში მოქცევის ოპერაციის დასრულებაში",- განაცხადა ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესახებ ბოლო 2 დღის განმავლობაში აქტიურად წერენ Z-ბლოგერები და ე.წ. სამხედრო კორესპონდენტები.
პროექტ WarGonzo-ს ავტორი, სიმიონ პეგოვი წერს, რომ ЗСУ-მ შეძლო ანდრეევკაში შესვლა. კიდევ ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, დასახლება უკვე ნაცრისფერ ზონაშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული Рыбарь-ის ცნობით, უკრაინელებმა შეძლეს კლიშიივკასთან მდებარე საკვანძო სიმაღლების დაკავება. იმავე ცნობებს ავრცელებს ВГТРК-ს კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი. Комсомольская правда-ს კორესპონდენტის, ალექსანდრ კოცის ცნობით, უკრაინული დანაყოფები უკვე უშუალოდ კლიშიივკაში იმყოფებიან და სოფელს სრულად ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს.
სავარაუდოა, რომ კლიშიივკას ირგვლივ საოკუპაციო დანაყოფებმა მიატოვეს საბრძოლო პოზიციები. ამის შესახებ იტყობინებიან რუსული ტელეგრამ არხები - მათი ცნობით, საუბარია მობილიზებული რეზერვისტებით დაკომპლექტებულ დანაყოფებზე.
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიშის დაწყების შემდეგ ჯამურად 230 კვ/კმ2 დაიბრუნა - აქედან დაახლოებით 35 კვ/კმ2 ბახმუტის ირგვლივ, ხოლო დანარჩენი სამხრეთის ფრონტზე.
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ წინსვლა სამხრეთის ფრონტზე - ცნობილია, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება სოფელ სტარომაიორსკში, რომელიც ზაპორიჟიიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, სტარომლინოვკის სატრანსპორტო კვანძთან მდებარეობს.
პარალელურად ლუჰანსკისა და ხარკივის ოლქის საზღვარზე გრძელდება ოკუპანტების იერიში. უკრაინული წყაროები ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიის გარკვეულ წინსვლას ადასტურებენ.