წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე აღარ იბრძოლებს
რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის კანდიდატობიდან, ულტრამემარჯვენე ტრამპისტის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა ფარული კენჭისყრით მოხსნეს.
ამის შესახებ CNN წერს.
ჯორდანის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის არჩევნების კენჭისყრის სამი რაუნდის განმავლობაში, მან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ყოველ ახალ რაუნდში ხმებს კარგავდა.
მის კანდიდატურას რესპუბლიკური პარტიის ზომიერი წევრები არ უჭერდნენ მხარს.
ჯიმ ჯორდანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი და უკრაინის დახმარების გაზრდის მოწინააღმდეგეა.
რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატის სპიკერობის ახალ კანდიდატს ორშაბათს შეარჩევენ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერის გარეშე რჩება, ხოლო აშშ-ის ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების ვადა თითქმის ერთ თვეში იწურება და ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე მთავრობას დახურვა ემუქრება.
კონგრესში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, მუდმივი სპიკერის არჩევის ალტერნატივა - სპიკერის მოვალეობის შემსრულებელის, პატრიკ მაკჰენრის უფლებამოსილების დროებით გაფართოება განიხილება.
3 ოქტომბერს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს. ამის ინიციატორი რესპუბლიკური პარტიის ულტრამემარჯვენე, ტრამპისტული ფრთა იყო, რომელიც მაკარტის დემოკრატებთან თანამშრომლობაში და უკრაინის დასახმარებლად "საიდუმლო გარიგებაში" ადანაშაულებდა.