უკრაინის დაზვერვა: დონბასში პოლიციელი აღარ დარჩა, ისინი მარიუპოლთან დაიღუპნენ
დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში პრაქტიკულად აღარ დარჩნენ "სახალხო პოლიციელები" - ისინი მარიუპოლის მახლობლად ბრძოლებში დაიღუპნენ, მათ შორის, შინაგანი ჯარის წარმომადგენლები და მილიციის აკადემიის კურსანტები. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
"დადგინდა, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისას დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ზარალი განიცადა. მარიუპოლის მიმართულება: ათასამდე ადამიანი - შეუქცევადი ზარალი, მათ შორის 26 იუნკერი, 2.8 ათასზე მეტი ადამიანი - სანიტარული დანაკარგები", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სხვა მიმართულებებზე, ბოევიკებმა დაკარგეს კიდევ 500-მდე ადამიანი, დაშავდა 2.1 ათასი ადამიანი.
"'სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების' არარსებობამ გამოიწვია სიტუაციის გაუარესება "საჯარო წესრიგის“ მიმართულებით და მნიშვნელოვნად გაართულა შემდგომი იძულებითი მობილიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.