უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: დეოკუპირებულია 1000-ზე მეტი დასახლება
უკრაინაში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 1000-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ 10 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა აღდგება, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1003 დასახლებაში, დაიწყო სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციების ჰუმანიტარული შტაბისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მუშაობა. განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულდა 224 დასახლებაში", - თქვა მან.
ტიმოშენკოს თქმით, ეროვნულმა პოლიციამ მუშაობა თითქმის 600 დეოკუპირებულ დასახლებაში განაახლა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ - გათავისუფლებული დასახლებების 70%-ში.
"საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია 70%-ით, სარკინიგზო - 42%-ით," - აღნიშნა მან.
გაზმომარაგება აღუდგა 650 დასახლებას, დასახლებების 83% უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, წყალმომარაგება და სანიტარული სისტემა გარემონტდა სოფლებისა და ქალაქების 60%-ში, ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა განახლდა დასახლებების 49%-ში.
მობილური კომუნიკაციები და ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია 720 განთავისუფლებულ ქალაქში და სოფელში, ბანკები კვლავ მუშაობენ თითქმის 300 დასახლებაში, უკრაინის ფოსტა ემსახურება თითქმის 800 დასახლებას.