უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "რუს ბიჭებს შინ კუბოებით დააბრუნებენ"

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მტკიცედ დადგება რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ თუ ინტერვენცია დაიწყება "რუს ბიჭებს შინ კუბოებით დააბრუნებენ."

"იდეა, რომ რუსეთის მიმართ პროვოკაციულები არ ვიყოთ, არ იმუშავებს," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან მობილიზებული 175 000 სამხედრო ინტერვენციისთვის არასაკმარისია.

"ჩვენ გვყავს 250 000 ჯარისკაცი შეიარაღებულ ძალებში, 400 000 ვეტერანი და 200 000 რეზერვისტი. 175 000 რუსი სამხედრო უკრაინაში შეჭრისთვის საკმარისი არ იქნება."

რეზნიკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ინტერვენციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან ამან შესაძლოა 4-5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის ევროპაში შესვლა გამოიწვიოს.

უკრაინა ევროპისა და აფრიკისთვის სურსათის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის მოტივები ნათელია - შიშის შექმნა და არასატაბილურობა უკრაინაში, რათა ქვეყანა უფრო მეტად ვერ დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. 

 

მსგავსი სიახლეები