უკრაინამ რუსეთის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

28 აგვისტოს ღამით, უკრაინამ დრონებით რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა - აფიპსკი, კრასნოდარის მხარეში და კუიბიშევი, სამარასთან ახლოს. ამ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ ბროვდი (კოდური სახელი "მადიარი" - რედ.) ავრცელებს.

State Of Play: აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უპილოტო სისტემების ძალებისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფები დაესხნენ თავს, ხოლო კუიბიშევის ქარხანაზე თავდასხმაში, უპილოტო სისტემების ძალების გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებიც მონაწილეობდნენ.

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების "ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ დანადგარზე ცეცხლი გაჩნდა. 
  • იმავე განცხადებაში ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ სოფელ კრინიცაში, გელენჯიკში, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, ტყის მასივში ცეცხლი გაჩნდა.

Big Picture: Telegram-ის არხი Exilenova+ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.

  • უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გაზისა და გაზის კონდენსატის ერთობლივი გადამამუშავებელი დანადგარი იყო.
  • იგივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინულმა დრონებმა 7 აგვისტოს ღამითაც დაბომბეს.
  • სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორისჩევმა Telegram-ზე განაცხადა, რომ სამარის აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. გარდა ამისა, "მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით" მობილური ინტერნეტის მუშაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარდა, უპილოტო საფრენი აპარატები სამარის ოლქში მდებარე სარკინიგზო სადგურ "კრიაჟს" დაესხნენ თავს. კუიბიშევის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანდა საკონტაქტო ქსელი.

Context: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილის ანგარიშში განაცხადა, რომ 27 აგვისტოს, მოსკოვის დროით 23:00-დან 28 აგვისტოს 7:00-მდე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 102 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები