ულტრამემარცხენე პარტია ესპანეთში ყველა 23 წლის ახალგაზრდას €20 000-ს ჰპირდება

მომზადებულია EUobserver-ის მიხედვით. 

23 ივლისს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ულტრამემარცხენე პარტია სუმარი 23 წლის ახალგაზრდებისთვის 20 000 ევროს უნივერსალურად მიცემის დაპირებას დებს.

ამ წინასაარჩევნო დაპირებამ ესპანეთში და ევროპაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი და დებატები გამოიწვია.

ამ პოლიტიკას პარტიაში "უნივერსალურ მემკვიდრეობას" უწოდებენ.

რადიკალიზმის მიუხედავად, კონცეფცია სხვადასხვა მკვლევარებმა და ეკონომისტებმა შეისწავლეს, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ეკონომისტმა, როგორიცაა თომას პიკეტი.

ესპანური ულტრამემარცხენე პარტია ევროპაში პირველი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ეს დაპირება ოფიციალურად შეიტანა საარჩევნო პროგრამაში.

ძირითადი არგუმენტი მარტივია: არსებობს მზარდი უთანასწორობა სიმდიდრის განაწილებაში და სიმდიდრის თაობათაშორის გადაცემაში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდების ცხოვრებაში.

ესპანეთში ზრდასრულთა უმდიდრესი 10% ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 60%-ს ფლობს. ეს მაჩვენებლები მსგავსია ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი.

მსოფლიო უთანასწორობის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, დღეს სიმდიდრის შენახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

მდიდარ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი ან დიდი ბრიტანეთი, კერძო სიმდიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო გაიზარდა, ვიდრე საჯარო. ეს ნიშნავს, რომ მთავრობები უფრო ღარიბდებიან და კერძო სიმდიდრე კი შემოსავალზე უფრო სწრაფად იზრდება.

ასე რომ, დაპირების მიზანი ნათელია: დაარღვიოს თაობათაშორისი უთანასწორობის ციკლი და უზრუნველყოს, რომ ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ადრეულ ასაკში ჰქონდეთ (ან მინიმუმ შეამციროს მათი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გავლენა მათ შესაძლებლობებზე).

ამ იდეებზე დაყრდნობით, საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პუნქტია მისი უნივერსალურობა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანხას მიიღებენ როგორც მდიდრები, ასევე ღარიბები.

"განსხვავებით სხვა მიზნობრივი გადანაწილების მექანიზმებისგან, დასაშვებობის რთული მოთხოვნებით, ღონისძიების უნივერსალურობა უზრუნველყოფს, რომ არავინ დარჩეს გარეთ," - განმარტა პარტია სუმარის ლიდერმა, ესპანეთის შრომის მინისტრმა იოლანდა დიასმა.

EUobserver-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხუან პალომინომ განუცხადა, რომ ვინაიდან მემკვიდრეობისა და საჩუქრების უმეტესობა უფრო გვიან ასაკში მიიღება, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ახალგაზრდა ასაკში საყოველთაო მემკვიდრეობა არის "კარგი იდეა სიმდიდრის თაობათაშორის დინამიურად გასანაწილებლად."

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა იმსახურებს წინა თაობების მიერ გამომუშავებული სიმდიდრის წილს, განურჩევლად იმისა, თუ სად დაიბადა და რა ქონება აქვს მის ოჯახს.

მეტი ფული = მეტი ძალა

სუმარი გეგმავს სრულწლოვან ახალგაზრდებს რჩევებიც მისცეს, რადგან 23 წლის ასაკში მათ ექნებათ 20 000 ევრო ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მისაღებად - სახლის ყიდვა, ბიზნესის დაწყება ან საზღვარგარეთ სწავლა.

წინასაარჩენო დაპირება ეფუძნება ფრანგი ეკონომისტის, თომას პიკეტის იდეას, რომელიც მხარს უჭერს უფრო რადიკალურ "საყოველთაო მემკვიდრეობას" - 120 000 ევროს, რათა საზოგადოებაში მსყიდველობითი უნარის სტრუქტურა შეცვალოს. 

თუმცა, ცხადია ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. საიდან უნდა დაფინანსდეს ასეთი რადიკალური იდეა? და რამდენად მომგებიანია ეკონომიურად ასეთი წინადადება?

პარტია სუმარმა გამოთვალა, რომ ესპანეთისთვის ამ დაპირების ღირებულება მშპ-ს 0.8% პროცენტი იქნება და უმდიდრესი ადამიანების 4%-ის დიდ ქონებაზე ახალი პროგრესული გადასახადით დაფინანსდება.

თომას პიკეტი "კერძო ოპერატორების მიერ მოფიქრებული სისტემების ანტითეზის" შექმნის აუცილებლობაზე, დიასი კი ესპანეთში საბანკო საქმიანობის რეორიენტაციაზე საუბრობს. მათ სურთ არსებობდეს სახელმწიფო ბანკი, რომელიც სესხს გასცემს პროექტის ღირებულების საფუძველზე და არა გარანტიების საფუძველზე და რომელშიც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამ რისკებს.

პალომინომ EUobserver-ს განუცხადა, რომ 20 000 ევრო, ამ სახელმწიფო ბანკთან ერთად, შეიძლება ახალგაზრდებისთვის ამ სასიცოცხლო პროექტების დასაწყები "ბერკეტი" იყოს.

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღე რჩება, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მემარჯვენე-ცენტრისტულ სახალხო პარტიას აქვს, მეორე ადგილზე კი მოქმედი პრემიერის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტიაა.

ულტრამემარცხენე სუმარი მესამე ადგილს დაიკავებს ხმების 13%-ით და მას მხოლოდ რამდენიმე მეათედი პროცენტით ჩამორჩება ულტრამემარჯვენე პარტია Vox - 12.7%.

მსგავსი სიახლეები