უნგრეთმა ჰააგის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა - Bloomberg
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემაზე, ევროკავშირის ერთობლივი განცხადება უნგრეთმა დაბლოკა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ბუდაპეშტის ვეტოს გამო, საკუთარი სახელით გამოაქვეყნა განცხადება ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა, რომელშიც მან "ცნობად მიიღო" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება.
"ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც მათი ბრძანებით ჩადიან უკრაინაში." - თქვა ბორელმა კვირას, საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ორშაბათს, ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა გაავრცელეს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, რომელსაც უნგრეთმა ხელი არ მოაწერა.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა შესაძლოა დაჟინებით მოითხოვოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადების გამკაცრება.