ვენეციის კომისია "რუსეთის გავლენის" შესახებ პოლონურ კანონს აკრიტიკებს
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია პოლონეთს რეკომენდაციას უწევს რაც შეიძლება სწრაფად გააუქმოს კანონი "რუსული გავლენის გამომძიებელი სახელმწიფო კომისიის შესახებ," რომელიც კრიტიკოსების თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
კომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რათა თავიდან აიცილონ მისი უარყოფითი გავლენა პოლონეთში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
ვენეციის კომისიამ აღიარა არასათანადო უცხოურ გავლენასთან ბრძოლის ლეგიტიმურობა, თუმცა მიიჩნია, რომ ასეთი კანონის საჭიროება არ არის დადასტურებული.
კომისიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომისიის კომპეტენცია არ ვრცელდება 2023 წლიდან მომხდარ ფაქტებზე, მიუხედავად უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა.
ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი "სერიოზულ ეჭვებს აჩენს ახალი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე."
"ვენეციის კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია კანონის ზედმეტად ფართო მოქმედების გამო და ის ფაქტი, რომ მისი ძირითადი დებულებები ძალიან ბუნდოვნად არის ფორმულირებული. ძალაუფლების გამიჯვნა, ასევე კონტროლისა და ბალანსის სისტემა," - აღნიშნულია დასკვნაში.
ევროპის საბჭოს ექსპერტები თვლიან, რომ "კანონი ადვილად შეიძლება იქცეს უმრავლესობის ხელში პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად," ვინაიდან საარჩევნო კანდიდატი შეიძლება დაექვემდებაროს სახელმწიფო კომისიის კონტროლს და შეიძლება გახდეს "სტიგმატიზებული განხილვისა და გადაწყვეტილების მსხვერპლი და ათი წლით ჩამოერთვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება."
მაისის ბოლოს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის გავლენის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რასაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა.
პოლონეთის ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა, პარტია სამოქალაქო პლატფორმა და მისი ლიდერი დონალდ ტუსკი, თვლიან, რომ მმართველი პარტიის, კანონი და სამართლიანობის ინიციატივა მათ წინააღმდეგაა მიმართული, პირველ რიგში, 2010 წლის სმოლენსკის ავიაკატასტროფის კონტექსტში.
ოპონენტების აზრით, კანონი შექმნილია იმისთვის, რომ დონალდ ტუსკი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიშორონ ან ამომრჩევლების თვალში მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.
კონტექსტი
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, სადაც მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა, სავარაუდოდ, 2014 წლის შემდეგ პირველად დაკარგავს უმრავლესობას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა 34.2%-ით, მას მოსდევს ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა - 28.3%, მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია კონფედერაცია - 15.4%, მეოთხეზე ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა - 11.2% და მემარცხენე პარტიების გაერთიანება - 8.5%.
ულტრამემარჯვენე და ანტიუკრაინული პოლიტიკური კონფედერაციის რეიტინგის ზრდა აჩენს საფრთხეს, რომ ეს პარტია შეიძლება შემდეგ სამთავრობო კოალიციაში იყოს კაჩინსკის კანონი და სამართლოანობასთან ერთად.