ვილდერსმა კოალიციაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად რონალდ პლასტერკი აირჩია

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ყოფილი მინისტრი, „ლეიბორისტული პარტიის - PvdA“ წევრი, რონალდ პლასტერკი დანიშნა.

თავდაპირველად, ხეერტ ვილდერსის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებები „თავისუფლების პარტიის“ წევრ, გომ ვან სტრიენს უნდა ეწარმოებინა, თუმცა, ეს უკანასკნელი მოულოდნელად თაღლითობაში ამხილეს.

გამოცემა NRC-ის ინფორმაციით, წილების გაყოფასთან დაკავშირებული თაღლითობის საქმე ეხება უტრეხტის ჰოლდინგს, რომლის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა გომ ვან სტრიენი 2009 წლამდე.

კონტექსტი

22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა.

ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო სენატის (75 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისგან (150 წევრი) შედგება.

მთავრობის ფორმირებისთვის 150 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის გარეშე ჩამოყალიბდა.

„თავისუფლების პარტიამ“ 22 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23.6% (37 მანდატი) მოიპოვა. იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი 76 მანდატი უზრუნველყოს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან შესაძლო კოალიციაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და თანამშრომლობის საჭიროებაში დაარწმუნოს. 

მსგავსი სიახლეები