ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს შეხვდა.

"შეერთებულ შტატებში ვიზიტი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში გაერთიანებული შტაბის უფროს ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით დაიწყო." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე განვითარებული მოვლენები და თავდაცვის სფეროში უკრაინა-ამერიკის შემდგომი თანამშრომლობა.

"მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს ჩვენი შეთანხმებების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის და მდივან ოსტინსა და გენერალ ბრაუნს პირადი ლიდერობისთვის," - წერს ის.

კონტექსტი

11-12 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არა მხოლოდ ჯო ბაიდენს, არამედ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც უკრაინის დახმარების პაკეტი განიხილება.

ამერიკის კონგრესმა ჯერ კიდევ არ დაამტკიცა ბაიდენის მიერ მოთხოვნილი უკრაინის დახმარების პაკეტი. 6 დეკემბერს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტმა სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო პოლიტიკაზე დათმობებს განიხილავს, რათა უკრაინისა და ისრაელისთვის ახალი დახმარება უზრუნველყოს.

მსგავსი სიახლეები