ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიაზე კიბერშეტევა განხორციელდა
„შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის - NCSC” ინფორმაციით, 17 იანვარს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდები ონლაინ კიბერშეტევის სამიზნე გახდა.
ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა "No Name" აიღო. ამ უკანასკნელმა შეტევის მიზეზად, დავოსში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორმუზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, სამშვიდობო სამიტის ორგანიზება შესთავაზა.
„მე მას (ვოლოდიმირ ზელენსკის) დავუდასტურე, რომ შვეიცარია კონფერენციის ორგანზიებისთვის მზადაა. სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად, ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდგომი ნაბიჯების დეტალებს სიღრმისეულად განვიხილავთ“, - ვიოლა ამჰერდი.
„შვეიცარიის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი - NCSC” აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა მყისიერად იქნა განეიტრალებული და ფედერალური ადმინისტრაციის სპეციალისტებმა ვებ-გვერდებზე წვდომის აღსადგენად შესაბამისი ზომები დროულად მიიღეს.
NCSC-ის სპიკერის თქმით, თავდასხმა დილის 8 საათამდე განხორციელდა, რომლის შედეგადაც დაზარალდა შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტებისა და რამდენიმე ოფისის ვებ-გვერდი, მაგრამ არა ფედერალური მთავრობის ონლაინ პორტალი.
აღსანიშნავია, რომ ჰაკერული ჯგუფი "No Name" შვეიცარიის ფედერალურ ადმინისტრაციას 2023 წლის ივნისშიც, ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიის პარლამენტის წინაშე ონალინ გამოსვლისას, დაესხა თავს.