WSJ: აშშ აღმოსავლეთ ფლანგზე 3 000 ჯარისკაცს გზავნის

 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 3 000 ამერიკელ სამხედროს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო პოზიციის გასამაგრებლად გზავნიან.

ფორტ ბრაგში (ჩრდილოეთ კაროლინა) დისლოცირებულ ორი ათას სამხედრო მოსამსახურეს პოლონეთსა  და გერმანიაში განალაგებენ.

კიდევ ათასი სამხედრო, რომელიც ამჟამად გერმანიაში დისლოცირებულ სტრაიკერის ბატალიონში მსახურობს, რუმინეთში გადაინაცვლებს.

უახლოეს მომავალში ევროპაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.

გასულ კვირას პენტაგონმა ნატოს მოკავშირე ქვეყნებში გადასასროლად 8500 სამხედრო მოიყვანა მზადყოფნაში.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ძალების გადაადგილება უკრაინის საზღვრებთან რუსულ სამხედრო ესკალაციას უკავშირდება.

უკრაინაში აშშ-ს სამხედრო მისია არ იმყოფება. კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში პრეზიდენტმა ბაიდენმა ქვეყანაში ამერიკული ძალების გაგზავნა გამორიცხა.

თუმცა, პენტაგონმა პარტნიორ ქვეყანაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების რამდენიმე ასეული გაგზავნა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წვრთნებში დაეხმარებიან.

ამასთან, ვაშინგტონი კიევს 200 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრემლმა უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 130 000-მდე სამხედროს მოუყარა თავი, რაც ცივი ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციას წარმოადგენს.

მოსკოვი დასავლეთისგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას და გავლენის სფეროების დაკანონებას მოითხოვს, რაზეც აშშ-სგან და სამხედრო ალიანსისგან უარი მიიღო.

უკრაინაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს კოორდინირებული სანქციებით და სხვა სადამსჯელო ზომებით ემუქრება.

მსგავსი სიახლეები