WSJ: ტრამპს უთხრეს, რომ ირანზე დარტყმები ვერ იქნება რეჟიმის ჩამოშლის გარანტია
თანაშემწეებმა დონალდ ტრამპს უთხრეს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები არ იქნება საკმარისი ალი ხამენეის რეჟიმის ჩამოსაშლელად და ამ სცენარში ვითარების უკონტროლო ესკალაციაში გადასვლის მაღალი რისკი არსებობდა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს - წყაროების ცნობით, მომდევნო დღეებში ამერიკული ადმინისტრაცია ყურადღებით დააკვირდება ირანის რეჟიმის ქცევას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
- წყაროების ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების გუნდის შეფასებით, ისლამისტური რეჟიმის დამხობის გარანტია არც მასშტაბური საჰაერო კამპანიაა და ვითარება შესაძლოა ფართე რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
- ხოლო ლიმიტირებულმა საჰაერო დარტყმებმა შესაძლოა გააძლიეროს დემონსტრანტების სულისკვეთება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა შეცვალოს რეჟიმის ქცევა და უარი ათქმევინოს მასობრივ რეპრესიებზე.
ჩაშლილად: წყაროს ცნობით, ტრამპს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა გასცა ბრძანა რეგიონში უფრო დიდი სამხედრო დაჯგუფების გაგზავნის იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ მასშტაბური საჰაერო შეტევა გადაწყდებოდა.
- გადაწყვეტილების გადადების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გენერლების შეფასებით ამ მომენტისთვის აშშ-ს არ აქვს საკმარისი სამხედრო კონცენტრაცია რეგიონში, რათა დაიცვას თავი და მოკავშირეები (რედ. ისრაელი) ირანის საპასუხო დარტყმების შემთხვევაში.
რეგიონის ქვეყნები: სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან, მათ შორის საუდის არაბეთი, კატარი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით რეგიონის ლიდერებთან გამართული ონლაინ კონფერენციის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "რეგიონის ქვეყნები სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან."
კონტექსტი: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან სპარსეთის ყურის რეგიონისკენ მიემართება Abraham Lincoln-ის საავიამზიდო დაჯგუფება.
- წყაროების ცნობით, რეგიონში ჩასასვლელად დაჯგუფებას დაახლოებით 5-დან 7 დღემდე დაჭირდება, ხოლო კონკრეტული იერიშის გეგმის დამუშავებას დამატებით 1 კვირა.
სიღრმისეულად: Axios: ისრაელისა და თანაშემწეების პოზიციის გამო ტრამპმა გადადო დარტყმები ირანზე