"ყველაფერი ფაშინიანის ბრალია"- კრემლის დირექტივა პარლამენტარებს და პროპაგანდას

ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე, კრემლმა პარლამენტარებს და პროპაგანდისტებს საკითხის გაშუქების დირექტივები გაუგზავნა. 

Meduza-ის ინფორმაციით, ტელევიზიების, გაზეთების და ონლაინ რესურსებს უბრძანეს განვითარებულ მოვლენებში ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულონ. 

პროპაგანდისტებმა თემა ისე უნდა წარმოაჩინოს თითქოს ფაშინიანმა უკვე აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე, რის შედეგადაც რუსეთს მოქმედების სივრცე არ დარჩა. პროპაგანდისტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის "პოზიტიურ როლზე", მაქსიმალურად უნდა გაესვას ხაზი, რომ "დანაყოფები გმირულად ასრულებენ მისიას."

გამოცემა Вёрстка-ს ინფორმაციით, მსგავსი დირექტივები მიიღეს რუსეთის დუმის დეპუტატებმა და სენატორმა. მათთვის რეკომენდირებულია მოერიდონ ყარაბაღის კონფლიქტის თემის ფორსირებას, მაგრამ "აუცილებლობის შემთხვევაში ყველაფერი ნიკოლ ფაშინიანს დააბრალონ."

რუს კანონმდებლებს კრემლი ურჩევს თავი აარიდონ კონფლიქტის მსხვერპლთა თემაზე საუბარს.

კონტექსტი 

კონტექსტი

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

დღეს დილით ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ბოლო საათებში ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

 

მსგავსი სიახლეები